Human Rights Watch მოსკოვს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ის გასული ერთი წლის განმავლობაში დაუსაბუთებელი ბრალდებებით არის დაკავებული.
HRW მიუთითებს, რომ პროკურატურა ოპოზიციონერისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს და ბრალად სდებს "ღალატს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და არასასურველ ორგანიზაციებში მონაწილეობას".
პროკურატურის მტკიცებით, კრემლის კრიტიკოსი კარა-მურზა "მტერია, რომელიც უნდა დაისაჯოს". ოპოზიციონერის სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა HRW-ის ცნობით, ამ საკითხებზე ადვოკატებმა მედიასთან ისაუბრეს.
"ვლადიმერ კარა-მურზას ემუქრება სასტიკი სასჯელი ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ ხმა აიმაღლა და გამოხატა კრემლის, უკრაინაში ომისა და რუსეთში მისგან გამოწვეული რეპრესიების მოწინააღმდეგე ხალხის ხმა.
კრემლის მიერ კარა-მურზას დევნა - რომელიც სამოქალაქო აქტივიზმის დემორალიზებისა და ჩახშობის ძალისხმევის ნაწილია - მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაიგმოს", - განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა, ჰიუ უილიამსონმა.
კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".