"Говорит Москва!"- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას, სადაც პრემიერმინისტრმა პუტინისა და მისი რეჟიმის რიტორიკა გაიმეორა.
Говорит Москва!
ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.
"ყველამ იცის მგონი მიზეზი [...] ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი. [...] არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ.
უკრაინაში შეჭრის საბაბად "NATO-ს გაფართოებას" ასახელებენ რუსეთშიც. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ომის დაწყებამდე, არაერთხელ გაუმეორებიათ, რომ შემაშფოთებელია კიევის სურვილი, გახდეს NATO-ს წევრი, თუმცა, ომის დაწყების წინ, დღის წესრიგში ეს საკითხი არ მდგარა.
გასული წლის 5 მარტს პუტინმა თქვა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი სულ უფრო აქტიურდებოდა.
"გესმით, რა შეიძლებოდა ამას გამოეწვია [NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას]? ან შეიძლება ჯერ კიდევ გამოიწვიოს? თუ ეს NATO-ს ქვეყანაა, ამ ორგანიზაციის შექმნის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ალიანსის ყველა სხვა წევრმა მხარი უნდა დაუჭიროს ამ ქვეყანას სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში", - თქვა პუტინმა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.