კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ცნობით, სოფელ წიწამურთან დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების სამუშაოების დასრულება 4 დღეში იგეგმება.
კომპანიის ცნობით, მიწის საფარისგან განთავისუფლდა დაზიანებული მილის ნაწილი, თუმცა,მათი თქმით, სამუშაოებს ართულებს ის ფაქტი, რომ მოცემული ადგილი მეწყრული ზონაა.
16 ივნისს კომპანია GWP-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ამ დრომდე ათობით ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება.
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში.
GWP-ში ამბობენ, რომ მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.