კომპანია ჯორჯიანუოთერენდფაუერის (GWP) ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია.
მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით.
კომპანიის ცნობით, იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგება.
"ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა", - აცხადებენ კომპანიაში.
16 ივნისს კომპანია GWP-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.