საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შემუშავდეს მრავალპარტიული რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერება, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, ქართული ოცნება და ოპოზიცია მხარს უჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მიღებას.
ეს ინიციატივა GRASS-ის დირექტორმა გააჟღერა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე, რომლებიც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მონიჭებული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს აფასებენ.
პაატა გაფრინდაშვილის თქმით, რეზოლუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური სპექტრი მზად არიან, დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა შესრულდეს 12 რეკომენდაცია.
"თუკი ამ დარჩენილ დროში არ გადაიდგმება უარყოფითი ნაბიჯები და მეტი პოზიტივი, კარგი ამბავი წავა თბილისიდან, ბუნებრივია, სასწორი შეიძლება გადაიხაროს იქით, რომ საქართველომ წელსვე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ტელევიზიებითაც გავაჟღერებ იმ ერთ რეკომენდაციას, წინადადებას, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს უახლოესი ისეთი პოზიტიური ნაბიჯი, რასაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოვლინება დასჭირდება, ეს შეიძლება იყოს პარლამენტში მიღებული რეზოლუცია, მრავალპარტიული მხარდაჭერით და ამ რეზოლუციაში ითქმება, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ხანდახან რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს, იმისათვის, რომ ჩვენ ვიაროთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მხრივ გამოვთქვამთ იმედს, რწმენას, რომ ეს წელს მოხდება.", - განაცხადა პაატა გაფრინდაშვილმა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები შეფასების დოკუმენტს აქვეყნებენ, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებსა და არსებულ მდგომარეობას ასახავს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია 1 პირობა, მეტწილად შესრულებულია 2, ნაწილობრივ 7 და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა - დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.