საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მოუწოდებს პოლიციას, შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე და შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს.
პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს.
მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება"- ნათქვამია განცხადებაში.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაძაბულია.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.
შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ "არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს".
დაკავებულების შესახებ უწყებას განცხადება არ გაუვრცელებია.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი I მოსმენით მიიღო.
***
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.