უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის სამიტის ფარგლებში ჰიროსიმაში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. თებერვალში ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.
"აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინამ თავდაცვითი უნარები გააძლიეროს", - განაცხადა ბაიდენმა.
შეხვედრის დროს ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ბოლო გადაწყვეტილებას F16 ავიაგამანადგურებლების უკრაინაში დაშვებისა და უკრაინელი პილოტების აშშ-ში გადამზადების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.
"რასაც თქვენ მიაღწიეთ, მსოფლიო დონის საქმეა და ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც აქამდე გააკეთეთ. მთელს G7-თან ერთად, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ არსად არ მივდივართ", - განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, საუბარი შეეხო დახმარების ახალ პაკეტსაც, რომელსაც ბაიდენი მალე გამოაცხადებს - CNN-ის ცნობით, პაკეტი მოიცავს 375 მილიონი დოლარის დახმარებას, რომელშიც შევა საბრძოლო მასალები, არტილერია და შესაბამისი აღჭურვილობა.
ორი დღეა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს - გუშინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
G7-ის წევრებმა საერთო განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი გააძლიერებენ უკრაინისადმი დიპლომატიურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას და უკრაინას მშვიდობის დამყარებამდე ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ.