გამოძიების ფედერალური ბიუროს, ნიუ-იორკის განყოფილების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა აღიარა, რომ 2021 წელს სანქცირებულ რულ ოლიგარქზე, ოლეგ დერიპასკაზე მუშაობდა და მისი კონკურენტის, ვლადიმირ პოტანინის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
ჩარლზ მაკგონიგალმა, რომელმაც 22 წელი გაატარა FBI-ში და 2018 წელს პენსიაზე გავიდა, წარდგენილი ბრალის ერთ პუნქტში დანაშაული აღიარა. კერძოდ, მას ბრალად ედება საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის (IEEPA) დარღვევა და ფულის გათეთრება.
FBI-ს ყოფილი მაღალჩინოსანი იანვარში კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და ბრალი წაუყენეს ორ ცალკეულ ბრალდებაში ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, თითქოს ის რუს სანქცირებულ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან თანამშრომლობდა და დამალა ასობით ათასი დოლარი, რომელიც მან ალბანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლისგან მიიღო, როდესაც ბიუროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
გამოძიების თანახმად, 2019 წელს მაკგონიგალი და ყოფილი რუსი დიპლომატი სერგეი შესტაკოვი, რომელიც ასე დააკავეს, დერიპასკას მიმართ სანქციების გაუქმებას ცდილობდნენ, 2021-ში კი მისი კონკურენტის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას დასთანხმდნენ.
55 წლის მაკგონიგალმა ფედერალურ სასამართლოზე განაცხადა, რომ "ღრმად ნანობს" საკუთარ საქციელს. FBI-ის ყოფილმა ოფიცერმა თქვა, რომ დერიპასკას დახმარებისთვის 17 500 დოლარი მიიღო.
Associated Press-ის ცნობით, აშშ-ს პროკურორის თანაშემწემ, რებეკა დელმა თქვა, რომ მაკგონიგალი ცდილობდა დახმარებოდა დერიპასკას სანქციების სიიდან გამოსულიყო და თანამოაზრეებთან ერთად განიხილავდა ფაილების მოძებნას, რომლებიც დერიპასკას კონკურენტის 500 მილიონი დოლარის ოდენობის ფარულ აქტივებს ავლენდა.
"თქვენ წინაშე გამოვდივარ ამ სასამართლოზე, რათა ავიღო სრული პასუხისმგებლობა, რადგანაც ჩემი ქმედებები არასდროს ისახავდა მიზნად ზიანის მიყენებას აშშ-ისთვის, FBI-სთვის, ჩემი ოჯახისთვისა და მეგობრებისთვის", - განაცხადა მან სასამართლოზე.
"მეორე მხარეს შევუთანხმდი, რომ ღია წყაროებიდან შევაგროვებდი ინფორმაციას რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ პოტანინის შესახებ, რომელიც ოლეგ დერიპასკას ბიზნეს კონკურენტი იყო. ვიცოდი, რომ აშშ-ის მთავრობამ დერიპასკა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. რამდენადაც მესის, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია პოტანინის სანქცირებულთა სიაში შესაყვანად იქნება გამოყენებული", - განაცხადა FBI-ს ყოფილმა აგენტმა.
მაკგონიგალის განაჩენი 14 დეკემბერს გახდება ცნობილი და მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.