აშშ-ის სპეცპროკურორმა FBI-ს ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მას ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი. სმირნოვი ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა კომპანია Burisma-მ ჯო ბაიდენსა და მის შვილ ჰანტერ ბაიდენს 5-5 მილიონი დოლარი გადაუხადა.
43 წლის სმირნოვი ხუთშაბათს ლას-ვეგასის აეროპორტში დააკავეს, როდესაც აშშ-ში ბრუნდებოდა. სპეცპროკურორ დევიდ ვაისის თქმით, რომელიც ჰანტერ ბაიდენის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, სმირნოვმა ცილი დასწამა ბაიდენს, რადგან მისი პოლიტიკა არ მოსწონდა.
ალექსანდრ სმირნოვი 2020 წელს ჰანტერ ბაიდენის საქმის გამოძიების ფარგლებში ამტკიცებდა, რომ ენერგეტიკული კომპანია ბურისმას ხელმძღვანელობის წევრებმა 2015 და 2016 წლებში უთხრეს, რომ დაიქირავეს ბაიდენი, რათა მამამისის სახელის გამოყენებით, აშშ-ში კომპანია სხვადასხვა იურიდიული პრობლემისგან დაეცვათ. სანაცვლოდ კი ბურისმამ ჯო და ჰაინტერ ბაიდენებს ჯამში 10 მილიონი დოლარი გადაუხადა.
იმ წლებში ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ჰანტერ ბაიდენი კი ბურისმას დირექტორთა საბჭოს წევრი 2014-2019 წლებში იყო.
სპეცპროკურორის დასკვნით, სმირნოვი ბურისმას წარმომადგენლებს არა 2016-2016 წლებში, არამედ 2017 წელს შეხვდა, როდესაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი აღარ იყო. პროკურორის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სმირნოვმა ქრთამზე თავისი ჩვენება გამოიგონა და მტრულ დამოკიდებულებას ავლენდა ბაიდენის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ.
თუ სასამართლო პროკურორის ბრალს გაიზიარებს, სმირნოვს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პრეზიდენტობის პერიოდში დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ბაიდენი უკრაინაში თავისი შვილის ბიზნესს უკანონოდ ეხმარებოდა, რესპუბლიკურმა პარტიამ კი კონგრესში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო და მათ შორის სმირნოვის ჩვენებას ეყრდნობოდა.
2019 წელს წარმომადგენელთა პალატამ უკვე ტრამპს გამოუცხადა იმპიჩმენტი და ბაიდენებზე კომპრომატის მოპოვებისთვის, უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები წარმოადგენდნენ, იმპიჩმენტი არ დაადასტურა.