EaP CSF მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოძიებამდე არჩევნების შედეგები არ აღიარონ

EaP CSF მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გამოძიებამდე არჩევნების შედეგები არ აღიარონ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნებზე ქართული ოცნების განსაკუთრებული სამიზნეები "მოწყვლადი ჯგუფები, უმცირესობები, საჯარო სექტორის თანამშრომლები და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები იყვნენ".

აღმოსავლეთ პარტნიორობის CSF-ის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები სოლიდარობას უცხადებენ საქართველოს მოქალაქეებს "მათ ბრძოლაში დემოკრატიული და გამჭვირვალე საზოგადოებისა და ევროპული მომავლისთვის" და მოუწოდებენ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებასა და EU-ს "მხარი დაუჭირონ საქართველოს ბრძოლას დემოკრატიისთვის, რათა ყველა მოქალაქის ხმა იყოს მოსმენილი და პატივცემული".

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს:

საერთაშორისო და ევროკავშირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს - გამოაქვეყნონ დეტალური ანგარიშები და გააკეთონ მკაფიო და ცალსახა განცხადებები, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა დაფიქსირებული დარღვევა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, რაც უზრუნველყოფს სავარაუდო საარჩევნო გაყალბების მასშტაბის გამჭვირვალე სურათის წარმოჩენას. არჩევნების შემდეგ, დაიწყოს არჩევნების შედეგების დამოუკიდებელი აუდიტი, შეისწავლოს ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურების სამართლიანობა, ხმების დათვლა და საარჩევნო გადაცდომების შემთხვევები.

საერთაშორისო საზოგადოებას, EU-სა და აშშ-ის ინსტიტუტებს: მოითხოვონ მეტი ანგარიშვალდებულება და უარი თქვან არჩევნების შედეგების აღიარებაზე, სანამ სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარდება.

აშშ-ის ხელისუფლებას: MEGOBARI Act-ის ფარგლებში შემოიღოს სანქციები - მათ შორის აქტივების გაყინვა, სავიზო შეზღუდვები, მოგზაურობის აკრძალვა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბებასა და ამომრჩეველთა დაშინებაში.

ევროკავშირის ინსტიტუტებს: საქართველოს ხელისუფლების სამომავლო ფინანსური დახმარება არჩევნების სამართლიანობას და სავარაუდო გაყალბების საფუძვლიან გამოძიებას დაუკავშირონ.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: განახორციელონ დიპლომატიური ზეწოლა საქართველოზე დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებით, მათ შორის, გამოიძახონ საქართველოს ელჩები კონსულტაციებისთვის და გაავრცელონ ერთიანი განცხადებები, რომლითაც საარჩევნო გადაცდომებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოიკვეთება.

საქართველოს სასამართლოების და სასამართლო სისტემას: აიღონ პასუხისმგებლობა, გამოიძიონ საარჩევნო გაყალბების ყველა შემთხვევა და დროულად აგებინონ პასუხი დამნაშავეებს, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა.

საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გააუქმოს შემზღუდავი კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, მათ შორის კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, უზრუნველყოს სიტყვისა და პრესის თავისუფლება.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს - გააგრძელონ თავიანთი უფლებების დაცვა, წინააღმდეგობა გაუწიონ არჩევნების გაყალბებას და დაშინებებს, მოიძიონ საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა გარანტიები ჰქონდეთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა დაცული იქნება სახელმწიფო შევიწროებისგან.

დონორ საზოგადოებას – გაზარდოს თავისი მხარდაჭერა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაზე სავარაუდო საარჩევნო გაყალბების გავლენის გათვალისწინებით.