ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროცესი უნდა მოიცავდეს მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისაც უნდა წარიმართოს.
ამასთან, ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის.
"სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს საჯარო მოხელეების ბოლო კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.
11 მარტს, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
ე.წ. ვეტინგს ამ ეტაპზე საჯაროდ 10 მოსამართლე უჭერს მხარს. მათ შორის არიან უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე – ნინო ბაქაქური და ეკა გასიტაშვილი, ტყიბულის მაგისტრანტი სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლეები გიორგი ებანოიძე, თამარ ხაჟომია, ეკა არეშიძე და მადონა მაისურაძე, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაძე, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი ე.წ. ვეტინგზე კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა. მეთოფიშვილის თქმით, ე.წ. ვეტინგის შემოღებას საქართველოში ბოლომდე შეეწინააღმდეგება. ამასთან, მეთოფიშვილი აღნიშნავს, რომ ე.წ. ვეტინგის ინიციატორთა მიზანი სასამართლოს დამორჩილებაა, რაც მოსამართლეთა მასობრივი წმენდით მოხერხდება.