
დღეს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის წინადადებას, რომელიც აშშ-ის წინააღმდეგ სავაჭრო საპასუხო ზომების დაწესებას ითვალისწინებს.
ევროკომისიის ინიციატივა მოჰყვა აშშ-ის მიერ მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე დამატებითი ტარიფები დაწესდა.
ბლოკი აღნიშნულ ტარიფებს უსაფუძვლოდ და საზიანოდ მიიჩნევს — როგორც ევროპული, ისე ამერიკული ეკონომიკისთვის, მათ შორის, გლობალური სავაჭრო გარემოსთვის.
დღევანდელი კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, მას შემდეგ რაც ევროკომისია შიდა პროცედურებს დაასრულებს და შესაბამის დადგენილებას გამოაქვეყნებს, საპასუხო ტარიფები ძალაში შევა. მათი ამოქმედება 15 აპრილიდან დაიწყება.
ევროკავშირი აცხადებს, რომ აღნიშნული ზომები შესაძლოა ნებისმიერ დროს შეჩერდეს, თუკი აშშ მზად იქნება სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმების მისაღებად.