საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნას.
EU-ის წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში".
"ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. აღწერილი რისკების გათვალისწინებით, უმჯობესია არ მიიღოთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას სისტემური მიდგომით უკეთესი გზის პოვნაში. ჩვენ ერთად უფრო ძლიერად შეგვიძლია წინსვლა", - აღნიშნულია განცხადებაში.
EU supports the Venice Commission recommendations: better not to adopt the draft law on de-oligarchisation given the described risks. EU is ready to support the Georgian authorities to find a better way forward with a systemic approach. We can move forward stronger together.
ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული დაკსვნის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ გუშინ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. მმართველმა გუნდმა საკითხი პლენარულ სხდომაზე დაუგეგმავათ გაიტანა.
ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა და მმართველი პარტიის მიერ შესწორებული ვარიანტი გააკრიტიკა. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. დასკვნის თანახმად, ის ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე.
***
საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი, განხილვა აღარ გაგრძელდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.
დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.
კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.
პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.