EU-ის ელჩი: საჭიროა ერთიანობა - როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება

EU-ის ელჩი: საჭიროა ერთიანობა - როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა. EU-ის ელჩი შეეხო ერთიანობის საკითხს და აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანას აქვს შანსი გახდეს კანდიდატი, აუცილებელია ერთიანობა.

ელჩი აცხადებს, რომ განურჩევლად პოლიტიკური ხედვისა, ყველამ უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომლებსაც ევროკომისიის რეკომენდაციები მოიცავს.

"დემოკრატიას თავისი წესები აქვს. ცხადია, სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები განსხვავებულ თემებზე და ისინი წარმოაჩენენ ამ განსხვავებულობას, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც და უთანხმოებებიც აქვთ, თუმცა ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება. ასე რომ, გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება პროგრესი ამ საკითხზე, რაც ყველასგან მოითხოვს ერთობლივ მუშაობას: მთავრობისა, რომელიც უნდა ეურთიერთოს ოპოზიციას; აგრეთვე ოპოზიციისა, რომელმაც ამ კონკრეტულ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს მმართველ უმრავლესობასთან. ეს არის სრულიად აუცილებელი", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

ელჩის განცხადებით, ევროკომისია დადებითი გადაწყვეტილების მიღების დროს დაერყდნო არა მხოლოდ რეკომენდაციებს, რომლებიც ქვეყანამ შეასრულა, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებას და გამოხატულ მზაობას, სურვილს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი.

ის იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო, რომელიც 27 სახელმწიფოსგან შედგება, მხარს დაუჭერს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა.

"ჩვენ გვაქვს ხუთი კვირა. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იქნება შემდგომი პროგრესი საქართველოში იმისთვის, რომ არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ ჰქონდეს არანაირი ყოყმანი, შეკითხვა ან ეჭვი ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 15 დეკემბერს ვიზეიმებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

***

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.