ევროკავშირის დელეგაცია მზად არის მოქალაქეებს აუხსნას რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის. კერძოდ, ევროკავშირის დელეგაცია მოქალაქეებს იწვევს, გაგზავნონ ნებისმიერი კითხვა ფეისბუქის მეშვეობით, რომელიც საქართველოში ევროკავშირის საქმიანობასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მხარდაჭერას ეხება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, პასუხებს მოქალაქეები თავად დელეგაციისგან მიიღებენ. კითხვების გაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი.
"ახლა ისტორიული მომენტია. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს თქვენთვის და საქართველოსთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა აქ არის, თქვენს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად... მოუთმენლად ველოდებით თქვენს შეკითხვებს! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", - თქვა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი, ასუნსიონ სანჩეს რუისი ამბობს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.
"ეს არის შესაძლებლობა, დასვათ ნებისმიერი შეკითხვა საქართველოში ევროკავშირის მუშაობისა და ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - აღნიშნა სანჩეს რუისმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდეროვიჩი აცხადებს, რომ მოქალაქეებს კითხვის დასმა Facebook-კომენტარებშიც შეეძლებათ.
"გამოაგზავნეთ თქვენი შეკითხვები Facebook მესინჯერის საშუალებით ან ამ პოსტის კომენტარებში ჩაწერეთ. ჩვენ მომავალი წლის დასაწყისში დაგიბრუნდებით, რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირის საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის შესახებ", - განაცხადა სენდეროვიჩმა.