DRI: საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა

DRI: საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა

დემოკრატიის კვლევის ცენტრის (DRI) განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი აქცია კვლავ უკანონოდ დაარბიეს და ამ წუთებშიც დემონსტრანტებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.

როგორც DRI-ის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა.

"00:37 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

30 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები იკავებდნენ, მათ შორის, ჭიჭინაძის ქუჩას. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებული იყო ჟვანიას ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, თავისუფლების მოედანსა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე. დემონსტრანტთა მცირე ჯგუფმა საპოლიციო ძალებს პლასტმასის ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, რა დროსაც (დაახლოებით, 00:25 საათზე) გამოიყენეს წყლის ჭავლი, გაფრთხილების წესების უხეში დარღვევით. ამასთან, ინსტრუქციისა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით გამოიყენეს რეზინის ტყვიები.

მიუხედავად იმისა, ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით მოქალაქე მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს, მოულოდნელად სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მათი მისამართით (მათ შორის, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე) გამოიყენეს გაზის ჭურვები, რის შედეგადაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო, ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ სამედიცინო დახმარებით. საპოლიციო ძალები მესამე დღეა იყენებენ უკანონო ღონისძიებებს, სასტიკად უსწორდებიან ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, განსაკუთრებული სისასტიკით აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის, არასრულწლოვანებს. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე აგრძელებენ საპოლიციო ძალები დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და უკანონო დაკავებებს. რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანი ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობს იძულებითი ღონისძიებების, მათ შორის, გაზის ჭურვების გამოყენების არანაირი კანონიერი საფუძველი", - წერია განცხადებაში.