საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.
CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის გულნოზა საიდის თქმით, გვარამიას პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა პრესის თავისუფლებისადმი ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას.
"გვიხარია, რომ ნიკა გვარამია შეიწყალეს.
ის არ უნდა დაეპატიმრებინათ და მისი პატიმრობა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაცხადებულ ერთგულებას პრესის თავისუფლებისადმი" - აცხადებს საიდი.
ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 22 ივნისს შეიწყალა.
9 ივნისს ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს.
ჟურნალისტებისდაცვისკომიტეტი არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მედიის თავისუფლებას ავრცელებს. ისინი იცავენ ჟურნალისტების უფლებას, ამბები უსაფრთხოდ, შურისძიების შიშის გარეშე გააშუქონ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.
19 ივნისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.