BBC: რუსეთის მხარეს დაღუპული მებრძოლების რიცხვი 70 000-ს აღწევს

BBC: რუსეთის მხარეს დაღუპული მებრძოლების რიცხვი 70 000-ს აღწევს

BBC-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის არმიის მხრიდან 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

გამოცემის ცნობით, მათ უკრაინაში დაღუპული 70 112 რუსი ჯარისკაცის ვინაობა დაადგინეს, მაგრამ სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.

როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის 13,781 (20%) მოხალისე იყო. ამასთან, 19%-ს ყოფილი პატიმრები შეადგენენ, რომლებიც ოკუპანტების არმიას დანაშაულის შეწყალების სანაცვლოდ შეუერთდნენ. რაც შეეხება მობილიზებულ ჯარისკაცებსა და საბრძოლველად გამოძახებულ მოქალაქეებს მათი საერთო რაოდენობა 13%-ს შეადგენს.

უკრაინა ბრძოლის ველზე დაღუპულთა მასშტაბებზე კომენტარს იშვიათად აკეთებს. თებერვალში ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპულია 31,000 უკრაინელი ჯარისკაცი, თუმცა აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დანაკარგები გაცილებით დიდია.

BBC-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, არმიაში დარეგისტრირებული კაცების უმეტესობა რუსეთის პატარა ქალაქებიდან არიან, სადაც სტაბილური, კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა რთულია.

მოკლული მოხალისეების მცირე ნაწილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ - სულ ასეთი 272 მებრძოლია, რომელთაგან უმეტესობა შუა აზიიდან იყო - 47 უზბეკეთიდან, 51 ტაჯიკეთიდან და 26 ყირგიზეთიდან.

გასულ წელს გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი მებრძოლებს კუბაში, ერაყში, იემენსა და სერბეთში აგროვებს. BBC-ის ინფორმაციით, უცხოელებს, რომლებიც რუსეთში სამუშაო ნებართვის ან ვიზის გარეშე ცხოვრობენ, მთავრობა ჰპირდება, რომ დეპორტაციას აარიდებენ და მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ გზას შესთავაზებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ომს გადაურჩებიან.

რუსეთი და უკრაინა ომში დანაკარგებს არ ამხელენ. დაღუპულთა სახელების სიას მკვლევართა და მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი ღია მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს.