BBC-ის ინფორმაციით, ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ სავარაუდოდ შეთანხმება შედგება. ინფორმაციას BBC ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემასთან საუბრისას ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ჰამასი 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებს და ქალებს გაათავისუფლებს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
სხვა წყაროების თანახმად, მძევლების გათავისუფლება მოხდება პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების გარდა, საბრძოლო მოქმედებების პაუზების შემოღების სანაცვლოდ. Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს ასევე 4-5 დღით ცეცხლის შეწყვეტას.
BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერმინისტრი სამხედრო კაბინეტთან შეხვედრას მართავს, რის შემდეგაც შეხვდება უშიშროების საბჭოსა და სამთავრობო კაბინეტს.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი და ჰამასი "ძალზე ახლოს" არიან ისრაელელი მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან.
"ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. და შესაძლოა, ამ მძევლებიდან რამდენიმე მალე სახლში დავაბრუნოთ. არ მინდა, დეტალებს ჩავუღრმავდე, რადგან არაფერი ითქმება, ვიდრე არ გაკეთდება. როცა მეტი გვექნება სათქმელი, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ", - თქვა ბაიდენმა.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჰამასს 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.