BASSIANI: სოლიდარობა რეჟიმის ყველა მსხვერპლს, მეამბოხე ხმას - ეს დევნა მარცხისთვისაა განწირული

BASSIANI: სოლიდარობა რეჟიმის ყველა მსხვერპლს, მეამბოხე ხმას - ეს დევნა მარცხისთვისაა განწირული

პროტესტის 153-ე დღეს კლუბი BASSIANI ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ, ქართული ოცნების მიერ მიღებულ დრაკონულ კანონებზე, ანტიევროპულ კურსსა და მიმდინარე რეპრესიებზე საუბრობს.

BASSIANI ასევე ეხმაურება ადამიანის უფლებების დამცველების, ფონდების წარმომადგენლების სახლებში დღეს ჩატარებულ ჩხრეკებსაც და გამოყოფს კლუბის დამფუძნებლის ფეხმძიმე მეუღლეზე, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძეზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელებულ ტერორს, რომელიც BASSIANI-ს შეფასებით, ძალადობრივი პრაქტიკის გაძლიერებაზე მიუთითებს და წინააღმდეგობის დისკრედიტაციის თვალსაჩინო მაგალითია.

კლუბი სოლიდარობას უცხადებს რეჟიმის ყველა მსხვერპლს, სინდისის პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს - ყველა მეამბოხე ხმას.

განცხადება სრულად:

"150-ზე მეტი დღე გავიდა, რაც თბილისის ქუჩები უწყვეტმა პროტესტმა და წინააღმდეგობამ მოიცვა, რომელიც არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გაყალბებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, რუსული გავლენის ზრდას და პროტესტის ჩახშობის მიზნით დაწყებულ უპრეცედენტო სადამსჯელო პოლიტიკას მოჰყვა. ქართულმა საზოგადოებამ უსამართლობის არნახული ტალღა გადაიტანა და გაუძლო მას. პასუხად, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მიიღო ათობით რეპრესიული კანონი, რითაც სრულად უარყო ქვეყნის კონსტიტუცია და ბოლომდე გათელა სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები.

ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტია” - რუსული კანონის კიდევ უფრო მკაცრი ვერსია, რომელიც უცხოური წყაროებით დაფინანსებულ ორგანიზაციებს მტრის იარლიყს აკრავს. ეს კანონპროექტი, “გრანტების კანონთან” ერთად, მკვეთრად ზღუდავს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას.

ალტერნატიული დისკურსის ჩახშობას და საჯარო სივრცის ჰეგემონიზაციას ემსახურება მედიის, მათ შორის ონლაინმედიის შემზღუდველი კანონი, და მისთვის ცენზურის დაწესება.

პოლიციური ძალაუფლების ზრდის ფონზე მკაცრად შეიზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ქუჩა, როგორც პოლიტიკური ორგანიზების სივრცე თვალთვალისა და დევნის ეპიცენტრად იქცა. დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა მილიონ ლარს აჭარბებს და მძიმე ტვირთია, ისედაც გაღარიბებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავისუფლებისთვის ბრძოლას საკუთარი კეთილდღეობის ფასად აგრძელებენ.

ის ფონდები, რომლებიც აქციებზე დაზარალებულ მოქალაქეებს და პოლიტპატიმრებს ეხმარებიან, მუდმივად არიან თავდასხმის მსხვერპლი. პოლიციის მხრიდან ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სახლებში ცრუ ბრალდებით შეჭრა და "საბოტაჟის მუხლით" დაწყებული გამოძიება საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.

მათ შორის, დღეს დილით "BASSIANI"-ს დამფუძნებლის ფეხმძიმე მეუღლეზე, მოძრაობა "სირცხვილია"-ს წევრზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იმავე მიზეზით განხორციელებული ტერორი ამ ძალადობრივი პრაქტიკის გაძლიერებაზე მიუთითებს და წინააღმდეგობის დისკრედიტაციის თვალსაჩინო მაგალითია.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები და სასამართლო სისტემის სრული კონტროლი მნიშვნელოვნად არყევს, ისედაც ჩამოშლილ მართლმსაჯულებას და სამართლიანი არჩევნების ჩატარების იდეას. პოლიტიკური თანამდებობის პირების, პოლიციელების და საჯარო მოხელეების კრიტიკის კრიმინალიზება, ისევე როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა კიდევ უფრო ამყარებს ავტორიტარული მმართველობის ლოგიკას. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მექანიზმი კი პირდაპირ მიუთითებს პლურალიზმისა და დემოკრატიის დასასრულზე.

ჰომოფობიური და ტრანსფობიური “ანტი-ლგბტქ” კანონმდებლობა საზოგადოებრივი სივრციდან სრულად დევნის ქვიარ ადამიანების ხმას და კრძალავს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

სახელმწიფოს მხრიდან დეჰუმანიზაციისა და მრავალფეროვნების შეუწყნარებლობის მკაფიო განაცხადს წარმოადგენს სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმება, საკანონმდებლო სივრციდან გამქრალი “გენდერის” ცნება და გენდერული თანასწორობის პრინციპი.

კულტურისა და განათლების სფეროს დამორჩილების მიზნით გატარებული ინტერვენციები - მათ შორის თეატრებზე დაწესებული დესპოტური პირდაპირი მმართველობის წესი - კრიტიკული სახელოვნებო და აკადემიური დისკურსის წაშლას ისახავს მიზნად.

და ბოლოს, კიდევ უფრო გამკაცრებული ისედაც დრაკონული ნარკოპოლიტიკა და ნარკომომხმარებელთა მიმართ შემოღებული „იძულებითი მკურნალობის“ მექანიზმი, სრულად ანგრევს ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის წარსულში წარმართულ ყოველგვარ ბრძოლას.

ამასთანავე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ქართველი ხალხის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი — ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა — გაუქმდეს. ეს სწორედ ის სცენარია, რომელსაც პროპაგანდისტული მანქანა საზოგადოებას თანდათან აჩვევს. იმედი გვაქვს, ეს არ მოხდება და ქართველი ხალხი კვლავ შეძლებს იმ უფლებით სარგებლობას, რომელიც ჩვენს ისტორიული არჩევანს, ევროპული კულტურისა და ღირებულებების მტკიცე ერთგულებას გულისხმობს.

დღეს, საქართველო განმათავისუფლებელ გზას გადის, რადგან ისევე, როგორც ავტორიტარიზმი, სამწუხაროდ არც თავისუფლებაა მარადიული და ის კვდება, როგორც კი მისთვის ბრძოლას ვწყვეტთ. საბედნიეროდ, საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი ხალხის შეუპოვრობის ცოცხალი მანიფესტაციაა — გზავნილი, რომ რეპრესიების მიუხედავად, წინააღმდეგობა მაინც, ბოლომდე გრძელდება.

სამყარო, სადაც გენოციდები, ომები, ოკუპაცია, ტექნოფეოდალიზმი, ოლიგარქიული რეჟიმები და სისტემური ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილია – სამართლიანი ვერ იქნება. მაშინ როდესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ღირსება მუდმივად საფრთხეშია, სოლიდარობა და ერთად დგომა უპირველესია - ის, რაც ერთმანეთის ტკივილს, სიხარულსა და სიმტკიცეს გვაგრძნობინებს და გადარჩენის ძალას გვაპოვნინებს.

კიდევ ერთხელ და ყოველთვის, სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის ყველა მსხვერპლს, სინდისის პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს; სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, განათლების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მეამბოხე ხმას, რომლებიც არაფრის ფასად არ თმობენ აზრის, შემოქმედებისა და გამოხატვის თავისუფლებას; სტუდენტებსა და სოციალურ გაერთიანებებს მთელს მსოფლიოში, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ საპროტესტო მარათონს; ქალებს, ქვიარებს, და ყველა ჯგუფს, რომლებისგანაც სისტემა მტრის ხატის შექმნას და მათზე ნადირობას ცდილობს.

გვჯერა, რომ — ეს დევნა მარცხისთვისაა განწირული, რადგან ყოველთვის ვიცავდით, ვიცავთ და დავიცავთ ერთმანეთს და ყოველთვის გვექნება ერთმანეთის იმედი.

ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით, ბოლომდე", - ვკითხულობთ განცხადებაში.