AI გენერალურ პროკურორს სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

AI გენერალურ პროკურორს სინდისის პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

Amnesty Internarional ანდრო ჭიჭინაძესა და სინდისის სხვა პატიმრებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს წერილით მიმართავს.

წერილში აღნიშნულია, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ წამოყენებული მტკიცებულებები არასაკმარისია, ხოლო ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ორგანიზაცია სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე არსებულ არაერთ მნიშვნელოვან დარღვევაზეც მიუთითებს.

ხაზგასმულია, რომ ჭიჭინაძეს მისი ნებართვის გარეშე სახელმწიფო ადვოკატი დაენიშნა. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ დაცვის მხარეს სასამართლო არასაკმარის დროს აძლევდა. გამოკვეთილია მოწმე პოლიციელების მიმართ მიცემული არათანმიმდევრული ჩვენებებიც.

Amnesty International "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ ანდრო ჭიჭინაძისა და სინდისის სხვა პატიმრების კრიმინალებად მოხსენიებით, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია გაბიტაშვილს მოუწოდებს დაკავებულებმა სამართლიანი სასამართლო მიიღონ, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ისინი.

ასევე წერილში ორგანიზაცია მოითხოვს პოლიციის მიერ მომიტინგეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა დაფიქსირებული ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას

"ვწუხვარ ქართველი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 მომიტინგის მიმართ „ჯგუფური ძალადობის“ საქმეზე სისხლის სამართლის სისტემის ბოროტად გამოყენების გამო. ყველა მათგანი დაკავებულია 2024 წლის დეკემბერში თბილისში გამართული პროევროპული აქციების დროს და ამჟამად მიმდინარეობს მათი სასამართლო პროცესი. გირაომდე უარის თქმამდე ანდრო ჭიჭინაძის და სხვა დაკავებულების მიმართ წინასასამართლო სხდომა უსამართლოდ წარიმართა, მათი არგუმენტები დაკავების წინააღმდეგ სათანადოდ არ იქნა განხილული. ანდრო ჭიჭინაძეს და მის თანაბრალდებულებს ბრალად ედებათ „ჯგუფური ძალადობა“. მიუხედავად ამისა, მათ შორის არაფერია საერთო, მათი დაკავების პერიოდში არ არსებობს ორგანიზებული ან კოორდინირებული ძალადობის მტკიცებულება (პირიქით, ეს იყო პოლიციის მიერ უკანონო ძალის გამოყენების შედეგად გამოწვეული ცალკეული ინციდენტები) და პროკურატურამ ვერ დაადგინა დანაშაულის ძირითადი ელემენტები, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ის აქციის დროს ჯოხს ისვრის. პოლიციამ ვერ აჩვენა, სად დაეცა საგანი და გამოიწვია თუ არა ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავე ვიდეოში და რამდენიმე სხვა ვიდეოში, რომელიც Amnesty International-მა გადაამოწმა, ჩანს, რომ პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს მომიტინგეებს.

ანდრო ჭიჭინაძის მიმდინარე სასამართლო სხდომას თან ახლავს სერიოზული დარღვევები, მათ შორის, სახელმწიფო ადვოკატის დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე, დაცვისთვის არასაკმარისი დროის მიცემა მოსამზადებლად და ზოგიერთი თანაბრალდებულის თვითნებური გაყვანა სასამართლო დარბაზიდან მოსმენის დროს. მის თანაბრალდებულების მიმართაც სახეზეა იგივე დარღვევები. სასამართლომ უსიტყვოდ მიიღო პოლიციის ოფიცრების ჩვენებები, მათ შორის იმ ოფიცრის, რომელმაც შეცდომით ამოიცნო ბრალდებული, რომელიც იმ მომენტში სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა, როგორც ერთ-ერთი დამნაშავე. ამავე დროს, მაღალჩინოსნებმა საჯაროდ მოიხსენიეს ანდრო ჭიჭინაძე და სხვები, როგორც კრიმინალები, რაც არღვევს მათი უდანაშაულობის პრეზუმფციას. სასამართლომ არ გამოიძია სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ბრალდებები, რომელიც რამდენიმე თანაბრალდებულმა წამოაყენა. საქართველოში მთავრობის მიერ გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების მიმართ მიმდინარე, სასტიკი რეპრესიების კონტექსტში, მათ შორის პოლიციის მიერ უკანონო ძალის ფართოდ გამოყენების, თვითნებური დაკავების, წამების და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის და უსამართლო სასამართლო პროცესის ფონზე, ანდრო ჭიჭინაძისა და მისი ათი თანაბრალდებულის დაკავება და სასამართლო პროცესი, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ყველა მომიტინგეზე დამაშინებელი ეფექტის შექმნას.

ამიტომ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები ანდრო ჭიჭინაძისა და მისი 10 თანაბრალდებულის დაკავების კანონიერების გადასინჯვის მიზნით და უზრუნველყოთ მათი ხელახალი სამართლიანი განხილვა ან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ ისინი.

ასევე მოვითხოვ პოლიციის მიერ მომიტინგეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა დაფიქსირებული ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას, მათ შორის წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებებს. მოვითხოვ დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს კრიმინალური სისტემის ბოროტად გამოყენება მშვიდობიანი პროტესტისა და სხვა განსხვავებული აზრის ჩასახშობად", - წერია Amnesty International-ის წერილში.