
კვირას, 4 მაისს, 15:00 საათზე ისნის მეტროდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე ერთობის მარში გაიმართება.
მარშის მოთხოვნაა - "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა".
"ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს! 150 დღეზე მეტია თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი ყოველდღე ძალადობის, ტერორის და უსამართლობის პირისპირ იბრძვის მტკიცედ.
4 მაისს მსვლელობით მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ნოე რამიშვილის ქუჩა N38, კახეთის გზატკეცილი), რათა ხმა მივაწვდინოთ მათ, ვინც ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად იქცნენ.
ერთობა იკრებს ძალას. ერთად, ჯიუტად და მტკიცედ ვუპირისპირდებით არალეგიტიმურ მმართველობას. ჩვენ არ გვეშინია! არ გავჩერდებით! არ დავნებდებით! ეს ბრძოლა თავისუფლებისთვისაა!", - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.