ქართველი სპორტსმენები ვალერი იარღანაშვილი, თამაზ ბედინაძე, ვახტანგ ტაბარუკიშვილი და ზურაბ ჩაგელიშვილი რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე BRICS-ის თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ტურნირის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენებს უნდა ეასპარეზათ აზიური ხალხური ჭიდაობის სახეობა კურაშში.
საქართველოს კურაშის ფედერაციის დირექტორმა გიორგი ჩიტაშვილმა Exo Kavkaza-ს უთხრა, რომ "მოხდა გაუგებრობა".
საქართველოს ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე მოწვევა დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიიღო. სპორტსმენებმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობაზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც დააზუსტეს ინფორმაცია თამაშებზე და გაიგეს, რომ მათში მონაწილეობას იღებდნენ მათ შორის სპორტსმენები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
მანამდე ტურნირის საიტზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია სამბისტების, ელენე ქებაძისა და ნინო ოძელაშვილის მონაწილეობის თაობაზე. მათ განაცხადეს, რომ არ მიემგზავრებიან ყაზანში.
აქედან გამომდინარე, BRICS-ის თამაშებზე, 19 ივნისის მონაცემებით, არც ერთი ქართველი სპორტსმენი არ იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დროშა გამოჩნდა სცენაზე გახსნის ცერემონიალის დროს - მის გვერდით იყო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დროშებიც.
13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბრიქსის (BRICS) ქვეყნების სპორტულ ჩემპიონატზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩინეთია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიც მონაწილეობენ.
ჩემპიონატი წელს რუსეთის ქალაქ ყაზანში, 12-23 ივნისს ტარდება.
ბრიქსი (BRICS) ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების გაერთიანებაა. ორგანიზაცია 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მონაწილეობით გამართულ პეტერბურგის ეკონომიკურ სამიტზე ჩამოყალიბდა. 2010 წელს მას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა. 2017 წლიდან კი ყოველწლიურად ბრიქსის თამაშები იმართება.