4 ევროპარლამენტარი: მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის გასამართლებას, EU-ს სანქციებისკენ მოვუწოდებთ

4 ევროპარლამენტარი: მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის გასამართლებას, EU-ს სანქციებისკენ მოვუწოდებთ

ოთხი ევროპარლამენტარი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება პოლიტიკოსების - ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.

წერილის ავტორები არიან: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიის ურთიერთობა დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩენე.

ისინი მიმართავენ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ.

"ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში ოპოზიციის ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მაუწყებლების და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ტალღის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ოთხი წევრის - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის გასამართლებას ქართული ოცნების საპარლამენტო კომისიის მოწვევაზე დაუმორჩილებლობისთვის. კომისიასთან თანამშრომლობაზე უარისთვის მათი გასამართლება და ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებული აშკარა თავდასხმაა დემოკრატიაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების ჩახშობას და დაშინებას.

ეს ნაბიჯი ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ოპოზიციის ნებისმიერი ფორმის ჩახშობის მცდელობის ნათელი მაგალითია. ეს კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს საერთო მდგომარეობას და ჩვენს შეშფოთებას იწვევს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მაუწყებლებს და დემონსტრანტებს, რომლებიც რეპრესიების ამ ახალი ტალღის სამიზნეს წარმოადგენენ. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარებისკენ, რომელიც მართული იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ფართო საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.