ლილოს დასახლებაში 21 ქალის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, მოკლულს 59 ჭრილობა ჰქონდა.
შემთხვევა გუშინ, 28 თებერვალს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული ამავე დღეს ზუგდიდში დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, ნაცნობ ქალს - 2003 წელს დაბადებულ ქ.ჯ.-ს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.