ჩინეთი პირველად 1950-იანი წლების შემდეგ ეტაპობრივად საპენსიო ასაკს გაზრდის. ეს ხდება იმის ფონზე, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება, ხოლო საპენსიო ბიუჯეტი მცირდება. ამჟამინდელი საპენსიო ასაკი მსოფლიოში ყველაზე დაბალია.
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პარასკევს დაამტკიცა წინადადებები საპენსიო ასაკის 50-დან 55 წლამდე გაზრდის შესახებ ქალებისთვის, რომლებიც მძიმე ფიზიკური შრომით არიან დაკავებულნი, და 55-დან 58 წლამდე პენსიაზე გასვლის ასაკი გაიზრდება ქალებისთვის, რომლებიც თეთრსაყელოიან სამსახურებში არიან დასაქმებულნი.
კაცებისთვის საპენსიო ასაკი 60-დან 63 წლამდე გაიზრდება.
ცვლილებების თანახმად, ახალი კანონი 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში, ხოლო შესაბამისი საპენსიო ასაკი ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ მომდევნო 15 წლის განმავლობაში გაიზრდება.
პენსიაზე გასვლა კანონით დადგენილ ასაკამდე დაუშვებელი იქნება, მაგრამ მოქალაქეებს პენსიაზე გასვლის გადავადება მაქსიმუმ სამი წლით შეეძლებათ.
2019 წელს ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემიამ განაცხადა, რომ 2035 წლისთვის მთავარი საპენსიო ფონდი თავის ფულად რესურსს ამოწურავდა.
ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ნაწილში კრიტიკა გამოიწვია, რაც ბევრმა ადგილობრივ სოციალურ ქსელებშიც გააჟღერა.
უკვე მეორე წელია ჩინეთში მოსახლეობა მცირდება იქიდან გამომდინარე, რომ შობადობა იკლებს. იმავდროულად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 78,2 წლამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანინზაციის განცხადებით, 2040 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობის მესამედი - დაახლოებით 402 მილიონი - 60 წელზე მეტის იქნება.