17 იანვარს, 16:00 საათზე მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკრიბებიან მოთხოვნით, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილება.
გაზეთ ბათუმელებისა”და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აჭარის პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - წერია განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით 12 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწნა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელი ისჯება მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის, ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ!", - ნათქვამია განცხადებაში.