პროკურატურის ცნობით, საქალაქო სასამართლომ მეუღლის და არასრულწლოვანი გერების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვან გერებს და მეუღლეს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, კერძოდ იგი ძალადობითა და მუქარით, დაზარალებულებს ნაგვის ურნებში მუყაოსა და პლასტმასის ყუთების შეგროვებას და გაყიდვას აიძულებდა, მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდა. ბრალდებული ასევე არასრულწლოვანებზე სახელმწიფოს მიერ ყოველთვიურად გაცემულ ფულად დახმარებას თავად ითვისებდა და განკარგავდა", - აცხადებენ პროკურატურაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და 143’’-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარედგინა.