14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

პროკურატურამ მათ ბრალი გუშინ წარუდგინა, ისინი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან დაკავებულები. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა - ამის შესახებ იცოდნენ გამტაცებლის ბიძამ და ბიძაშვილმა, რომლებმაც დანაშაულზე სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება კიდევ სამ პირს აქვს წარდგენილი. მათ შორის, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, ხოლო გოგოს დედასა და ბიძას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. სამივეს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ პატიმრობა.