პროკურატურამ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა. უწყების ცნობით, ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.
გარდა ამისა, დააკავეს აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათ ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ დედა იყო ადამიანი, ვინც ბავშვი, გამოქცევის შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. ქმართან დააბრუნა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ "არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება", ეს არ შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.