12 პუნქტის შესასრულებლად განხილული პროექტები პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა

12 პუნქტის შესასრულებლად განხილული პროექტები პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის ფარგლებში მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში იგზავნება კანონის პროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა.

ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საქართველოში "პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა".

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,

2022 წლის ივლისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და კანდიდატის სტატუსისთვის 12 პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ, საქართველოს გულმოდგინედ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. შედეგად, საქართველოს ინსტიტუტებმა, პარლამენტის თაოსნობით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღების და რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა დემოკრატია და ევროპული დღის წესრიგი. მადლიერები ვართ ვენეციის კომისიის, რომელთან თანამშრომლობაც ამ პროცესში სასარგებლო იყო. ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების გზაზე საქართველოს პარტნიორი იყო ევროკომისია. დამატებითი ახსნა-განმარტებებისთვის ჩვენ მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებდით მის შესაბამის სამსახურებთან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირების საქართველოში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის ოქტომბრის გადაწყვეტილებამდე დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის.

კერძოდ, ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში გიგზავნით შემდეგ დოკუმენტებს:

  • საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურზე;
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მუხლებს ანტიკორუფციული ბიუროს თაობაზე;
  • საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს;
  • საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმას.

ქალბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი მოსაზრებების მომზადებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით".

***

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.