საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სპორტი თავისუფლებაში "ცოტა მოიკოჭლებს". ის არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ განცხადებაში, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საზოგადოება ყოველდღიურად აშენებს საკუთარ მომავალს და თავისუფლებას.
"თქვენ, სპორტული სამყარო ხართ უკვე შესული ევროკავშირში - თქვენ იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ და ძალიან წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს, სხვადასხვა სახეობით. საქართველო, პრაქტიკულად, არის დღე ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ და ამისთვის თქვენ ნამდვილად ხართ ღირსი იმის, რომ თქვენს საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ.
სპორტი არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: ერთი არის დისციპლინა და ეს რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებული. მეორე არის თავისუფლება, რაღაცა ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ჩვენზე, ყველაზე არის დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, აშენებს ყოველდღიურად თავის მომავალს და თავის თავისუფლებას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.