ზურაბიშვილი: საქართველოს დროშა ევროპული ქვეყნების დროშებს შეუერთდება

სიამაყე, სიხარული, იმედი – ეს არის ის განცდები, რომელი მე მეუფლება და ალბათ, თქვენც, როცა ვუყურებთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს. პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის ჩვენი სახელმწიფოსი, მისი სუვერენობის, მისი დამოუკიდებლობის, იმის, რისთვისაც ჩვენი ბევრი წინაპარი ძალიან დიდხანს იბრძოდა, კვდებოდა იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემად ყოფილიყო და ჩვენთვის ხვალინდელი დღის იმედს წარმოადგენდეს.

დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის. ის, რაც საქართველო იყო და რაც იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მინდა, რომ ეს ვუთხრა ახალგაზრდებს. ეს არ არის მხოლოდ ისეთი მატერიალური სიმბოლო. დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს. მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ. ამიტომ, ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა და ამავე დროს, უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.

ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება მუდამ, ყოველთვის. სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი და ამისთვის ჩვენი პატივისცემა და ჩვენი მადლიერება.

ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ამდენად, არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იმ ფასეულობებს, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ.

დროშა ჩვენი ერთობის გარეშე კარგავს თავის ძალას, დანიშნულებას, ამიტომ, ვალდებულები ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მივაღწიოთ იმ ყველაზე დიდ ძალას, ქვეყნის და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ჰქვია ხალხის ერთობა.

მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია და თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ ის ფასეულობები, რაც არსებობს, ის ფასეულობები ვინმემ შეგვიცვალოს, სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი. თქვენ ყველას გესმით, დღეს მე რაზე ვსაუბრობ და არ მინდა, რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად. თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამითი დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა იქნება მუდმივად იმ მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ.

განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე.