ზურაბიშვილი: რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავედით, ამის მაგალითია აბუ-დაბიში მომხდარი

ზურაბიშვილი: რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავედით, ამის მაგალითია აბუ-დაბიში მომხდარი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ე.წ ხელისუფლება რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე გადავიდა და ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც პუტინის რეჟიმს ახასიათებს.

ამ კონტექსტში ზურაბიშვილი საუბრობს აბუ-დაბიში მომხდარზე, როდესაც არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქეს თავს დაესხნენ.

ზურაბიშვილის თქმით, ეს ქცევა მხოლოდ და მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს.

"მიმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ ძალიან აღელვებულია იმის გამო, თუ რა ხდება ქვეყანაში. ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც აშკარად ხმარობს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც რუსულ პუტინის რეჟიმს.

ამის ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ დეპუტატების მიერ, რომლებსაც უნდა გააჩნდეს თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არსად ეს მოთმინება. პირიქით, როგორც ჩანს, დეპუტატებს არ ვიცი, ინსტრუქცია აქვთ მიღებული ამისთვის, თუ ეს მათი ნებით ხდება, მაგრამ ამ ძალადობაში გამოყენებული არიან პირდაპირ.

ესეც სრულიად გაუგებარია ჩვეულებრივი ქვეყნისთვის და მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ და ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს"- აცხადებს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა იმის მანიშნებელია, რომ ხალხი არ შეშინდება და არ დათანხმდება ქვეყანაში რუსული რეჟიმის არსებობას.

"ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვაა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, რომ საზოგადოება შემართებულია და იცის. რა უნდა და იცის, რა არ უნდა. არ დათანხმდება საქართველო იმას, რომ საქართველო გადაიქცეს ბოლომდე რუსულ რეჟიმად, ამისთვის საქართველო იბრძვის მშვიდობიანად"- აცხადებს ზურაბიშვილი.

მან ასევე მიმართა ოლიგარქ ივანიშვილს:

"მინდა, ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს ან დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი., საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ის ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე, რომ ერთ მხარეს არის რეჟიმი, საზოგადოება მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს"- აცხადებს ზურაბიშვილი.