პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეჭვქვეშ აყენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.
ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. მან მიმართა მთავრობას და თქვა, რომ "უნდა იცოდნენ, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან".
"ხელისუფლებას ევალება არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს, ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე? გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორეს მხრივ, უთანხმოება ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
***
19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება.
ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.
მოგვიანებით, ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანან ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილისთვის ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები. ფორმულას ინფორმაციით, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა.