პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობისგან ორაზროვან სიგნალებს იღებს და შემდეგ ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ძირითადად რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრის ადგილი არსებობს და ახლა ნიადაგს ამოწმებს, რაც რუსეთისთვის ტიპური ტაქტიკაა.
"ისინი აგებენ ომს უკრაინასთან. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს - პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ეს ის არის, რაც უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამ ყველაფერს გრძნობენ და პარალელურად იღებენ ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ახლა კი ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობაში მიზანდასახულობის ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ რუსეთი ნიადაგს სინჯავს მათ შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით და შესაძლოა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენითაც სცადოს ამ ნიადაგის შემოწმება.
"მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და არ შეუძლია თავად გაატაროს წინააღმდეგობის პოლიტიკა, მაგრამ ის ძალიან მიზანდასახული უნდა იყოს. მიზანდასახულობის ნებისმიერი ნაკლებობა რუსეთს უბიძგებს შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა და ეს ისაა, რასაც ვხედავთ", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუსეთი შეეცდება სხვა ნაბიჯებითაც ნიადაგის შემოწმებას.
"ნამდვილად წინააღმდეგი ვიქნები, როგორც ადრე. არ მაქვს რეალური აღმასრულებელი ბერკეტები, რომ შევაჩერო რომელიმე ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მაქვს უფრო ძლიერი ძალა, რომელიც მომცა ხალხმა და არა ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა და ვიცი, რომ წარმოვადგენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. და არავინ არ უნდა ეცადოს ქართველ ხალხთან თამაშს", - განაცხადა მან.