მე არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე რაღაც ოცნება, მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. აქ ვარ სადაც ვარ, მაგრამ ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ, რადგან ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. თუ რამე - მე ვიცავ კონსტიტუციას ამ ქვეყნისა, რადგან ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული.
ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს როცა ცვლილებები შევიდა ამ კონსტიტუციაში, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მათ შესაძლებლობებშია, იმისთვის რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს - მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება. ამიტომ დავდივარ - ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში - ვსარგებლობ ჩემი კონტაქტებით და ვსარგებლობ ჩემს მიმართ ნდობით, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ, მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა, როცა სხვადასხვა ლიდერებს ვხვდები. მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა და მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის რომ მხარს გვიჭერენ და ამ პატივისცემით მხვდებიან - ეს მე კი არა, თქვენ დაიმსახურეთ. ამაყი ვარ, რომ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში წარმოგადგენთ.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვის დროს.