NATO, რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის შემდეგ, "აღმოსავლეთის გუშაგის" პროგრამას აანონსებს

NATO, რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის შემდეგ, "აღმოსავლეთის გუშაგის" პროგრამას აანონსებს

დღეს NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გენერალმა ალექსუს გ. გრინკევიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განიხილეს ალიანსის რეაგირების საკითხი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე.

რუტემ განაცხადა "აღმოსავლეთის გუშაგის" სახელით ცნობილი სამხედრო პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროგრამა, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება მოიცავს მოკავშირეთა სხვადასხვა აქტივს და ასევე აღჭურვილი იქნება როგორც ტრადიციული შესაძლებლობებით, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიებით, მათ შორის, ისეთი ელემენტებით, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატების მიერ შექმნილი გამოწვევების გადასაჭრელადაა შექმნილი.

"აღმოსავლეთის გუშაგი" ჩვენს პოზიციას მეტ მოქნილობასა და სიმტკიცეს შესძენს", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

10 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა პოლონეთის მიერ მე-4 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მოთხოვნის გათვალისწინებით სიტუაცია განიხილეს.

"ის, რაც ოთხშაბათს მოხდა, იზოლირებული ინციდენტი არ ყოფილა. რუსეთის უგუნურება ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო სივრცეში უფრო და უფრო ხშირდება", - განაცხადა სხდომაზე რუტემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ცნობა პოლონეთის შეიარღებულმა ძალებმა 10 სექტემბერს გაავრცელა.

მათ აღნიშნულ ფაქტს აგრესიის აქტი უწოდეს.

"გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ, მათი დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა. ეს არის აგრესიის აქტი, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადეს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში.