ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას თქმით, გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა.
ელჩი ამბობს, რომ დაგეგმილი ფრენებიდან მხოლოდ ერთი გაუქმდა და აღნიშნავს, რომ მგზავრებს შორის "არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავშესაფარი არ ჰქონდათ".
ჟვანიას თქმითვე, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან "მუდმივ კავშირზე" არიან და ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
"გუშინ თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. ამ რეისებზე ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც 7 ოქტომბერს გამომგზავრება ვერ შეძლეს. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი და ღამის გასათენებელი, არ ყოფილა. პრაქტიკულად ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ"- ამბობს ჟვანია.
ელჩის თქმითვე, 12, 13, 14 ოქტომბრის რეისებზე ბილეთები თბილისის მიმართულებით ჯერ კიდევ თავისუფალია.
მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას. 4 რეისია თბილისის მიმართულებით, დილას შესრულდა რეისი. ელ ალის რეისი სრულდება 5 საათზე, რამდენიმე საათით გადაიდო, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება აირზენას რეისი, როგორც ხვალ და ზეგ. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია.
ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ, სამი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუ ვინმეს სჭირდება რაიმე დახმარება, თავშესაფრის ან ავიარეისებთან დაკავშირებით, ეფექტურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ"- თქვა ჟვანიამ.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია სულ მცირე 2506 ადამიანი.