უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება დიდ დანაკარგებს იწვევს. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მსოფლიომ იცის, რა შეიძლება დაუპირისპირდეს ტერორს და მათ აქვთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები Shahed-ებისა და რაკეტებისგან დასაცავად. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს [ოდესაში მომხდარი თავდასხმა] იწვევს. იმ ბავშვების სია, რომლებსაც სიცოცხლეს რუსეთი ართმევს, მუდმივად იზრდება.
უკრაინელთა სიცოცხლის დასაცავად საჭიროზე მეტს არაფერს ვითხოვთ და როდესაც სიცოცხლე იკარგება და პარტნიორებს უბრალოდ შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავები აქვთ, რომლებიც ასუსტებს ჩვენს თავდაცვას, ამის გაგება შეუძლებელია. ამის დათანხმება შეუძლებელია და მისი დავიწყება შეუძლებელი იქნება - მსოფლიო ამას გაიხსენებს", - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - სიცოცხლის განადგურება და ხალხის დაშინება.
2 მარტს ღამით, რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.