უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტულ აქტს გეგმავს. მისივე თქმით, რუს სამხედროებს ყველაფერი მზად აქვთ.
"სამწუხაროდ, არაერთხელ მომიწია შეხსენება, რომ რადიაცია არ იცნობს სახელმწიფო საზღვრებს და ვის დაარტყამს, განისაზღვრება მხოლოდ ქარის მიმართულებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებიდან მიიღო. მან დასძინა, რომ უკრაინა ამ მონაცემებს პარტნიორებს გადასცემს.
ზელენსკის სიტყვებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს "მორიგი ტყუილია".