ზელენსკის განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინაში "ათასობით" უცხოელი სამხედრო განლაგდება

ზელენსკის განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინაში "ათასობით" უცხოელი სამხედრო განლაგდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ პარტნიორები უკრაინაში "არა ერთეულობით, არამედ ათასობით ჯარისკაცს" გაგზავნიან.

ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ – რომ არის ინფორმაცია 10,000 [სამხედროს უკრაინაში გაგზავნის შესახებ]. კიდევ ერთხელ, ზუსტ რაოდენობაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს განვიხილავთ. დიახ, ეს ნამდვილად არ იქნება ერთეულობით, არამედ ათასობით ჯარისკაცი. და ეს ფაქტია, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.“

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა შეიმუშავეს განლაგების დეტალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სახმელეთო ძალების ორ ჯგუფს უკრაინაში: ერთი უკრაინელი ჯარისკაცების მოსამზადებლად და დასახმარებლად, ხოლო მეორე, ცალკე ჯგუფი, მომავალში რუსული იერიშის აღსაკვეთად.

როგორც დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, ამჟამინდელი გეგმა უკვე ითვალისწინებს 10,000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგებას, ხოლო, ამავე სქემის მიხედვით, უკრაინის თავზე საჰაერო პატრულირებას ქვეყნის გარეთ განლაგებული საჰაერო ძალები განახორციელებენ.