პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად ოფიციალურად ამ ზაფხულს, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მიიწვევენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევში ჩამოსულ NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად განიხილა უკრაინის დაცვა და ასევე "მთელი საერთაშორისო წესრიგის და სიცოცხლის დაცვაც". მათ ასევე განიხილეს რამშტეინის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი.
"ჩვენ ვემზადებით რამშტეინის შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვემზადებით ჩვენი აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია. ვემზადებით ვილნიუსში NATO-ს სამიტისთვის, რომელიც ამ ზაფხულს არის დაგეგმილი. მაგრამ მისი შინაარსი უკვე მუშავდება ასეთი ტიპის შეხვედრებზე, სხვადასხვა დონეზე კონტაქტების დროს, რაც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი NATO-ს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე არ გაჟღერდება უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დამსახურებული, პოლიტიკური მოწვევა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცების წვლილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ახლა უდიდესია, რადგან ისინი "თავისუფლებას იცავენ საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ".
მან მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას.