
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის დანიშვნას განიხილავს.
ზელენსკის თქმით, შმიჰალის გამოცდილება "ფასდაუდებელი იქნება" თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
იგი იმედოვნებს, რომ უკრაინის პარლამენტი მხარს დაუჭერს ქვეყნის ახალი კაბინეტის დამტკიცებას.
"დღეს მე ვესაუბრე იულია სვირიდენკოს - შევთავაზე მას უხელმძღვანელოს უკრაინის მთავრობას და განაახლოს მისი მუშაობა უკრაინული წარმოებისა და უკრაინული მეწარმეობის მხარდაჭერის საკითხებში. მას ეს შეუძლია დიდი გამოცდილების საფუძველზე გააკეთოს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მოღვაწეობისას გამოიმუშავა.
დენის შმიჰალის უზარმაზარი გამოცდილება, უდავოდ, ფასდაუდებელი იქნება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე - ეს არის ზუსტად ის სფერო, სადაც ქვეყნის უდიდესი რესურსები, ყველაზე მძიმე დატვირთვა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა ამჟამად დევს. მე იმედი მაქვს პარლამენტის წევრების საკმარისი რაოდენობა დაუჭერს მხარს უკრაინის მთავრობის ახალ კონფიგურაციას", - თქვა ზელენსკიმ.
ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა.