
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვისას, უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა.
"უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე უკრაინის კონსტიტუციაშია. არავინ გადაუხვევს ამას - და ვერავინ შეძლებს. უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ აჩუქებენ", - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. მისივე თქმით, კრემლი ომის გაჭიანურებას ცდილობს.
"ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს - და რუსეთმა უნდა დაასრულოს ის. რუსეთმა დაიწყო და აჭიანურებს, ყველა ვადას უგულებელყოფს და ეს არის პრობლემა და არა სხვა რამ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე დადებული ნებისმიერი შეთანხმება "მკვდრადშობილი გადაწყვეტილებაა" და მშვიდობას არ მოიტანს. მან ხაზი გაუსვა მზადყოფნას, ითანამშრომლოს ტრამპთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მშვიდობის მისაღწევად, რომელიც "მოსკოვის სურვილების გამო არ დაინგრევა".
გუშინ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში მშვიდობის მისაღწევად, სავარაუდოდ, დადგება ტერიტორიების გაცვლის საკითხი.
ჩვენ მოცემულობაში გვაქვს ტერიტორია, რომლისთვისაც 3 წელიწად-ნახევარია იბრძვიან. ბევრი რუსი და უკრაინელი მოკვდა. ჩვენ ნაწილის [ტერიტორიის] დაბრუნებას ვცდილობთ. რთული საქმეა, ადვილი არ არის. იქნება ტერიტორიების გაცვლები ორივეს სასარგებლოდ. თუმცა ამაზე დამატებით ხვალ ვისაუბრებთ", - თქვა ტრამპმა.