უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი შორ მანძილზე ინტენსიურ დაბომბვას გააგრძელებს, უკრაინას, შესაძლოა, თავდაცვის სისტემების ჭურვების მარაგი ამოეწუროს.
ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, საჰაერო სივრცის სრულად დასაცავად უკრაინას 25 საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.
"რუსეთის საჰაერო დარტყმების ამჟამინდელი ინტენსივობა საკმაოდ მაღალია. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის რეზერვი, მაგრამ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ინტენსივობა შეიძლება იგივე დარჩეს და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება საკმარისი რაოდენობა. თუ ისინი უკრაინას ყოველდღიურად დაარტყამენ ისე, როგორც ბოლო თვის განმავლობაში ხდებოდა, შესაძლოა, რაკეტები დაგვიმთავრდეს.
ამერიკის დახმარებას ჩვენთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება შეერთებული შტატების კონგრესში. სამწუხაროდ, ჩვენ სიტუაციის მძევლები ვართ. სამწუხაროდ, უკრაინის საკითხი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი შეერთებულ შტატებში შიდა პოლიტიკის საკითხად იქცა", - ამბობს ზელენსკი.