უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წელს უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში სამომავლო წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
"წელს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ, იგივე ეხება NATO-ს. შორ მანძილზე მოქმედი შეაირაღების გარეშე რთულია არა მხოლოდ შეტევითი, არამედ თავდაცვითი ოპერაციების ჩატარება. ეს ნიშნავს, რომ იცავ შენს მიწას და არ შეგიძლია კონკრეტულ დისტანციაზე მტერი გაანადგურო ან დაამარცხო. ამიტომ, შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება მნიშვნელოვანია ჩვენი არმიისთვის არა მხოლოდ შეტევის, არამედ თავდაცვითი მოქმედებებისთვის. ეს არ არის ახალი ამბავი", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ზელენსკი მე-3 ევროპულ ქვეყანას სტუმრობს. უკრაინის პრეზიდენტი ამჯერად სლოვაკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. ბრატისლავამდე ის სოფიასა და პრაღაში იმყოფებოდა.
ვიზიტების მიზანი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის დადასტურებაა. ბრატისლავიდან უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრება. სტამბოლში ზელენსკი მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავს.
ამასთან, ჩეხეთი უკრაინას მოიერიშე ვერტმფრენებს გადასცემს და F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადების პროცესშიც ჩაერთვება.