ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე: უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია

ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე: უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია

უკრაინი პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ APnews-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებიდან თავად უკრაინის გამორიცხვა ძალიან საშიში შეიძლება იყოს.

ზელენსკი თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების მუქარით, ისევე როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით.

მისივე თქმით, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა ან რაიმე სახის დათმობების განხილვა.

"ვფიქრობ, ეს უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინის შესახებ ჩვენს გარეშე საუბარი ყველასთვის საშიშია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტშია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად პირადი შეხვედრების გამართვის იმედი აქვს.

აღნიშნული განცხადება ტრამპის კომენტარს მოჰყვა - მისი თქმით, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები ომის დასრულების საკითხზე უკვე საუბრობენ და მისი ადმინისტრაცია რუსეთთან ძალიან სერიოზული დისკუსიას აწარმოებს.