
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა სააღდგომო ზავის პირობები დაარღვიეს. მისი თქმით, დილის 6 საათის მონაცემებით, რუსეთის მხრიდან დაფიქსირდა 59 საარტილერიო დაბომბვა და 5 შტურმული შეტევა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე.
ზელენსკის ცნობით, შეტაკებები მიმდინარეობდა დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე რუსეთის კურსკის რეგიონშიც, სადაც უკრაინული მხარე არტილერიასა და დრონებს იყენებდა.
"ჩვენი მეომრები ყველგან პასუხობენ ისე, როგორც მტერი იმსახურებს კონკრეტულ საბრძოლო გარემოში. უკრაინა იბრძოლებს სარკისებურად და სამართლიანად", — აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, რომ ქვეყანა იმოქმედებს "სარკისებურად" ნებისმიერი აგრესიის პასუხად.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ რუსული მხარე ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ცეცხლის შეწყვეტა პატივს სცემს, მაგრამ რეალურად პერიოდულად განაგრძობს შეტევებსა და ზიანის მიყენებას უკრაინისთვის. მისი თქმით, "რუსეთმა სრულად უნდა დაიცვას მშვიდობის პირობები".
უკრაინის შეთავაზება, რომ მშვიდობის რეჟიმი 30 დღით გაგრძელდეს, კვლავ ძალაში რჩება.
რუსეთის მხარეს ამ დროისთვის არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება შეთანხმების დარღვევაზე. ცნობისთვის, სააღდგომო ზავის რეჟიმი ვლადიმირ პუტინმა გუშინ გამოაცხადა და ის 18:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო.