ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

ზელენსკი რომში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდა

რომში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების საკითხს, რომელიც სტამბოლში გაიმართა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რაც შეიძლება მალე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.

საუბარი შეეხო აგრეთვე სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვით თანამშრომლობას, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და მოსალოდნელ ტყვეთა გაცვლას.

"კარგი შეხვედრა მქონდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან რომში.

ჩვენი საუბრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსებმა გააგზავნეს დაბალი რანგის დელეგაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი არ იყო. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზად არის ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი რაც შეიძლება მალე სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას.

ასევე შევეხეთ რუსეთზე სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვით თანამშრომლობას, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და მოსალოდნელ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, სანამ ისინი თავად არ მოისურვებენ ომის შეწყვეტას. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

მადლობა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის – სიცოცხლეების გადარჩენის საქმეში", - წერს ზელენსკი.